← მთავარი გვერდი
სამართლებრივი დოკუმენტი

რეფერალური პროგრამის სტანდარტული პირობები

Referral Program Standard Terms
ვერსია 3.1.1 · ძალაშია 21.07.2026-დან

1. ზოგადი დებულებები

1.1.წინამდებარე რეფერალური პროგრამის სტანდარტული პირობები (შემდგომში — სტანდარტული პირობები) განსაზღვრავს შპს „გამყრელიძე ლეგალ“-ის (ს/ნ: 405871089) (შემდგომში — კომპანია) მიერ განხორციელებული რეფერალური პროგრამის მონაწილეობის, თანამშრომლობის, ანაზღაურების, პასუხისმგებლობისა და სხვა პირობებს.
1.2.რეფერალური პროგრამის მიზანია კომპანიისთვის პოტენციური კლიენტების მოზიდვის ხელშეწყობა იმ პირების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპანიის იურიდიული მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.
1.3.რეფერალურ პროგრამაში მონაწილეობა და რეფერალური თანამშრომლობა ხორციელდება მხოლოდ კომპანიასა და რეფერალს შორის გაფორმებული წერილობითი ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე. ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმებამდე პირი არ ითვლება რეფერალურ პროგრამაში მონაწილე რეფერალად და მასზე არ ვრცელდება წინამდებარე სტანდარტული პირობებით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის ანაზღაურების მიღების უფლება.
1.4.წინამდებარე სტანდარტული პირობები წარმოადგენს რეფერალსა და კომპანიას შორის არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ დოკუმენტს და გამოიყენება ინდივიდუალურ ხელშეკრულებასთან ერთად, მისი განუყოფელი ნაწილის სახით.

2. ტერმინთა განმარტება

2.1.წინამდებარე პირობების მიზნებისთვის:

3. რეფერალური თანამშრომლობის წესი

3.1.რეფერალი უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია პოტენციური კლიენტების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა ესაჭიროებოდეთ კომპანიის მომსახურება.
3.2.რეკომენდაცია შეიძლება განხორციელდეს წერილობითი, ელექტრონული ან სხვა შეთანხმებული კომუნიკაციის საშუალებით.
3.3.რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია კომპანიის მიერ პოტენციურ კლიენტთან დაკავშირებისა და მისი იდენტიფიცირებისთვის.
3.4.კომპანია უფლებამოსილია დამოუკიდებლად შეაფასოს მიღებული რეკომენდაცია, მათ შორის განსაზღვროს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული პირი რეფერალურ პროგრამაში მონაწილე კლიენტს.
3.5.რეფერალს პოტენციური კლიენტისგან მიღებული უნდა ჰქონდეს თანხმობა იმისა, რომ კომპანიას გადასცეს პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაცია და კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდეს მას.

4. რეფერალური ანაზღაურების წარმოშობის პირობები

4.1.რეფერალს ანაზღაურების მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
4.2.მხოლოდ პოტენციური კლიენტის რეკომენდაცია, საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება ან კომპანიისთვის დაკავშირება არ წარმოშობს რეფერალის ავტომატურ უფლებას ანაზღაურებაზე.
4.3.კომპანია არ არის ვალდებული გააფორმოს ხელშეკრულება ნებისმიერ რეკომენდებულ პირთან და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას კლიენტის მიღების შესახებ.

5. ანაზღაურების მოდელები და ოდენობა

5.1.რეფერალისთვის გადასახდელი ანაზღაურების საბაზისო (დეფოლტ) მოდელს წარმოადგენს შემოსავლის წილი: მოყვანილი კლიენტის მიერ პირველი 7 (შვიდი) თვის განმავლობაში ფაქტობრივად გადახდილი თანხების შემდეგი პროცენტი, აქტიური მოყვანილი კლიენტების რაოდენობის მიხედვით:
შემოსავლის წილი (საბაზისო მოდელი)10–20%
  • 1–3 აქტიურ მოყვანილ კლიენტზე — 10%;
  • 4–7 აქტიურ მოყვანილ კლიენტზე — 15%;
  • 8 და მეტ აქტიურ მოყვანილ კლიენტზე — 20%.
5.2.აღნიშნული მოდელი (შემოსავლის წილი) მოქმედებს ყველა მოყვანილი კლიენტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რეფერალი კომპანიას მოსთხოვს, რომ საბაზისო მოდელის ნაცვლად, კონკრეტულ მოყვანილ კლიენტთან მიმართებით გამოყენებულ იქნეს:
ერთჯერადი ბონუსი (მოთხოვნით)50%

მოყვანილი კლიენტის მიერ ფაქტობრივად გადახდილი პირველი თვის ღირებულების 50%-ის ოდენობით. მოთხოვნა უნდა წარედგინოს კომპანიას წერილობით, კონკრეტული მოყვანილი კლიენტის მითითებით, არაუგვიანეს ამ კლიენტის მიერ კომპანიისთვის პირველი გადახდის განხორციელებისა.

5.3.რეფერალის მიერ ერთჯერადი ბონუსის მოდელის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენს კომპანიის დისკრეციას და შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი დათანხმების შემთხვევაში. კომპანიის მიერ დათანხმების შემთხვევაში, ერთჯერადი ბონუსის მოდელი ვრცელდება მხოლოდ იმ კონკრეტულ მოყვანილ კლიენტზე, რომლის მიმართაც იქნა მოთხოვნილი, და არ ცვლის დანარჩენი მოყვანილი კლიენტებისთვის მოქმედ საბაზისო მოდელს. კომპანიის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის ან პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, შესაბამის მოყვანილ კლიენტთან მიმართებითაც მოქმედებს საბაზისო მოდელი.
5.4.საბაზისო (შემოსავლის წილის) მოდელის გამოყენებისას, კონკრეტული საანგარიშო თვის განაკვეთის დასადგენად და შესაბამისი ანაზღაურების გამოსათვლელად გაითვალისწინება მხოლოდ ის მოყვანილი კლიენტები, რომლებიც კონკრეტულ საანგარიშო თვეში აქტიურად სარგებლობენ კომპანიის მომსახურებით და ფაქტობრივად იხდიან შესაბამის საფასურს (შემდგომში — აქტიური მოყვანილი კლიენტი).
5.5.თუ მოყვანილი კლიენტი კონკრეტულ საანგარიშო თვემდე წყვეტს ხელშეკრულებას კომპანიასთან, წყვეტს კომპანიის მომსახურებით სარგებლობას ან არ იხდის შესაბამის საფასურს, იგი აღარ ჩაითვლება აქტიურ მოყვანილ კლიენტად და არ იქნება გათვალისწინებული აღნიშნული თვის განაკვეთისა და ანაზღაურების გაანგარიშებისას, ვიდრე იგი კვლავ არ განაახლებს კომპანიისთვის ფაქტობრივ გადახდას ან კომპანია არ დაადასტურებს მის ხელახლა ჩართვას აქტიურ მოყვანილ კლიენტად.
5.6.თუ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის ან ცალსახად არ იკვეთება მხარეთა მიერ არჩეული მოდელი, მოქმედებს წინამდებარე მუხლით დადგენილი საბაზისო მოდელი (შემოსავლის წილი), ვიდრე მხარეები წერილობით სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
5.7.ერთი და იმავე მოყვანილი კლიენტის მიმართ ერთდროულად გამოიყენება მხოლოდ ერთი მოდელი. ორი ან მეტი რეფერალის მიერ ერთი და იმავე პირის მოყვანილად მითითების შემთხვევაში, ანაზღაურება ეკუთვნის იმ რეფერალს, რომლის რეკომენდაციაც პირველად დასტურდება კომპანიის მიერ.
5.8.რეფერალური ანაზღაურება გამოითვლება მხოლოდ კომპანიის მიერ შესაბამისი კლიენტისგან ფაქტობრივად მიღებული თანხიდან. კომპანია უფლებამოსილია არ გადაიხადოს ანაზღაურება იმ თანხებზე, რომლებიც კლიენტისგან ფაქტობრივად არ არის მიღებული, დაბრუნებულია კლიენტისთვის ან სხვაგვარად აღარ წარმოადგენს კომპანიის რეალურ შემოსავალს.
5.9.მხარეთა შეთანხმებით, კომპანია უფლებამოსილია რეფერალს გადასცეს დამატებითი ბენეფიტი მობილური კავშირგაბმულობის ხარჯის ანაზღაურების სახით, თვეში 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს რეფერალური ანაზღაურების ნაწილს, საკომისიოს ან გარანტირებულ შემოსავალს და წარმოადგენს კომპანიის მიერ შეთავაზებულ დამატებით ბენეფიტს.
5.10.თუ რეფერალი ზედიზედ 2 (ორი) კალენდარული თვის განმავლობაში არ უზრუნველყოფს ახალი კლიენტის მოზიდვას, კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს აღნიშნული ბენეფიტის მიწოდება, რის თაობაზეც აცნობებს რეფერალს.

6. ანგარიშსწორება

6.1.ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში მითითებულ ან მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებულ საბანკო ანგარიშზე. კომპანიის ვალდებულება რეფერალისათვის ანაზღაურების გადახდასთან დაკავშირებით წარმოიშობა მხოლოდ შესაბამისი კლიენტის მიერ კომპანიის სასარგებლოდ თანხის ფაქტობრივად გადახდის შემთხვევაში და წინამდებარე პირობებითა და ინდივიდუალური ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულებისას.
6.2.ანაზღაურების გადახდა ხორციელდება მას შემდეგ, რაც მოყვანილი კლიენტის მიერ გადახდილი თანხა აისახება კომპანიის საბანკო ანგარიშზე, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი თვის დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღისა.
6.3.რეფერალისთვის გადასახდელი ანაზღაურება მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა თუ გადასახდელს. რეფერალი აცნობიერებს, რომ მისთვის განხორციელებული ანაზღაურება შესაძლოა დაექვემდებაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგადასახადო ვალდებულებებს. კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავებები, დეკლარირება ან სხვა შესაბამისი მოქმედებები.

7. რეფერალის ვალდებულებები

7.1.რეფერალი ვალდებულია:
7.2.რეფერალს ეკრძალება კომპანიის სახელის, ბრენდის, ლოგოს ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე.

8. შეზღუდვები და გამორიცხვის საფუძვლები

8.1.კომპანია უფლებამოსილია არ ჩათვალოს პირი რეფერალურ კლიენტად, თუ: ა) პირი უკვე იყო კომპანიის არსებული კლიენტი; ბ) პირი უკვე იმყოფებოდა კომპანიასთან აქტიურ კომუნიკაციაში; გ) ინფორმაცია კლიენტის შესახებ კომპანიას უკვე ჰქონდა მიღებული სხვა წყაროდან; დ) რეკომენდაცია არ აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებს.
8.2.კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას ანაზღაურების გადახდაზე, თუ რეფერალის ქმედება ეწინააღმდეგება კანონს, ეთიკურ სტანდარტებს ან კომპანიის ინტერესებს.

9. დამოუკიდებელი ურთიერთობა

9.1.რეფერალი მოქმედებს დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.
9.2.რეფერალური პროგრამა არ ქმნის შრომით ურთიერთობას, წარმომადგენლობას, სააგენტოს, პარტნიორობას ან სხვა მსგავს ურთიერთობას კომპანიასა და რეფერალს შორის.

10. პერსონალური მონაცემები

10.1.რეფერალი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კომპანიისთვის მესამე პირის პერსონალური მონაცემების მიწოდება განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
10.2.კომპანია უფლებამოსილია დაამუშაოს რეფერალისა და რეფერალური პროგრამის ფარგლებში მიღებული სხვა პირების პერსონალური მონაცემები პროგრამის ადმინისტრირების, კომუნიკაციის, ანგარიშსწორებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნებისთვის.

11. კონფიდენციალურობა

11.1.რეფერალი ვალდებულია არ გაამჟღავნოს და არ გამოიყენოს მესამე პირების სასარგებლოდ კომპანიისგან მიღებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია.
11.2.კონფიდენციალურობის ვალდებულება ძალაში რჩება რეფერალურ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.

12. პასუხისმგებლობა

12.1.მხარეები პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის.
12.2.კომპანია არ არის პასუხისმგებელი რეფერალის მიერ დამოუკიდებლად განხორციელებულ განცხადებებზე, დაპირებებზე ან მოქმედებებზე, რომლებიც სცდება მის უფლებამოსილებას.
12.3.კომპანია არ აგებს პასუხს არაპირდაპირ ზიანზე, შემთხვევით ზიანზე ან დაკარგულ მოგებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია კომპანიის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
12.4.კომპანიის საერთო პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა ნებისმიერი საფუძვლით წარმოშობილი მოთხოვნის შემთხვევაში არ აღემატება რეფერალისთვის ბოლო 3 (სამი) თვის განმავლობაში ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების ჯამურ ოდენობას.

13. ფორს-მაჟორი

13.1.ფორს-მაჟორად ითვლება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი და გადაულახავი გარემოება, რომელიც პირდაპირ ან არსებითად აფერხებს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის: სტიქიური უბედურება, ხანძარი, ეპიდემია ან პანდემია, საომარი მოქმედება, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება, მასშტაბური ტექნიკური, ელექტროენერგიის, ინტერნეტის ან საკომუნიკაციო სისტემების შეფერხება და სხვა მსგავსი გარემოებები, რომლებიც მხარის კონტროლს სცდება.
13.2.ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში მხარე თავისუფლდება შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობით ან დაგვიანებით შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
13.3.მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული დაბრკოლება, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს.
13.4.თუ ფორს-მაჟორული გარემოება გრძელდება 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს რეფერალური თანამშრომლობა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

14. მხარეთა შორის კომუნიკაცია

14.1.მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია ხორციელდება ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ან სხვა შეთანხმებული ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.
14.2.ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად მისი გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს, თუ გამომგზავნს არ მიუღია შეტყობინება მიწოდების შეუძლებლობის შესახებ.
14.3.მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძველ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჯეროვნად მიწოდებულად.

15. პირობების ცვლილება და შეწყვეტა

15.1.კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს წინამდებარე სტანდარტული პირობები, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ცვლილება მოქმედი რეფერალებისთვის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის შემდეგ, თუ განახლებული პირობებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
15.2.ცვლილებები არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკვე დასრულებულია ცვლილების ძალაში შესვლამდე, გარდა კანონით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
15.3.ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს რეფერალური თანამშრომლობა საკუთარი ინიციატივით, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, შეწყვეტამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე.
15.4.კომპანიას უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეფერალური თანამშრომლობა, თუ: ა) რეფერალი კომპანიას აწვდის მცდარ, არასრულ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას; ბ) რეფერალის ქმედება აზიანებს კომპანიის პროფესიულ რეპუტაციას ან საქმიან ინტერესებს; გ) რეფერალი არღვევს წინამდებარე პირობებით ან ინდივიდუალური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
15.5.შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს იმ ვალდებულებების შესრულებისგან, რომლებიც წარმოიშვა შეწყვეტამდე, მათ შორის შეწყვეტამდე მოყვანილი კლიენტების მიმართ უკვე წარმოშობილი ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისგან.

16. მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა

16.1.წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2.მხარეები შეეცდებიან ნებისმიერი დავა პირველ რიგში მოაგვარონ მოლაპარაკების გზით.
16.3.შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოებში, კომპანიის იურიდიული მისამართის მიხედვით განსაზღვრული ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად.

17. დასკვნითი დებულებები

17.1.წინამდებარე სტანდარტული პირობები წარმოადგენს რეფერალური პროგრამის ძირითად მარეგულირებელ დოკუმენტს და გამოიყენება ინდივიდუალურ ხელშეკრულებასთან ერთად.
17.2.თუ ინდივიდუალური ხელშეკრულებით ან მისი დანართით განსაზღვრულია განსხვავებული პირობები, გამოიყენება ინდივიდუალური ხელშეკრულების ან შესაბამისი დანართის დებულებები.
17.3.სტანდარტული პირობები შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე www.gamkrelidzelegal.ge.