1. ზოგადი დებულებები
1.1.წინამდებარე სტანდარტული პირობები (შემდგომში — სტანდარტული პირობები) განსაზღვრავს შპს „გამყრელიძე ლეგალ“-ის (ს/ნ: 405871089) (შემდგომში — კომპანია) მიერ გარე იურიდიული დეპარტამენტის მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს და წარმოადგენს კომპანიასა და კლიენტს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.2.წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- კომპანია — შპს „გამყრელიძე ლეგალ“, რომელიც უზრუნველყოფს გარე იურიდიული დეპარტამენტის მომსახურებას;
- კლიენტი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კომპანიასთან აფორმებს მომსახურების შესახებ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას;
- ხელშეკრულება — კომპანიასა და კლიენტს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომელიც წინამდებარე სტანდარტულ პირობებთან ერთად წარმოადგენს მხარეთა გაფორმებულ ხელშეკრულებას;
- პაკეტი — მომსახურების მოცულობა და შემადგენლობა, რომელსაც კლიენტი ირჩევს ინდივიდუალური ხელშეკრულებით (Basic, Standard, Premium ან Individual);
- მომსახურება — კომპანიის მიერ კლიენტისთვის გაწეული იურიდიული, საკონსულტაციო და მასთან დაკავშირებული მხარდაჭერის მომსახურება შესაბამისი პაკეტის ფარგლებში.
1.3.ინდივიდუალურ ხელშეკრულებასა და წინამდებარე სტანდარტულ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ ხელშეკრულების დებულებებს.
2. მომსახურების ზოგადი აღწერა
2.1.კომპანია უზრუნველყოფს კლიენტის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ უწყვეტ სამართლებრივ მხარდაჭერას და მოქმედებს, როგორც კლიენტის გარე იურიდიული დეპარტამენტი, შესაბამისი მომსახურების პაკეტის ფარგლებში.
2.2.მომსახურება მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს, შერჩეული პაკეტის მოცულობის ფარგლებში:
2.2.1. იურიდიული კონსულტაცია
კლიენტის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, კონსულტაცია და სამართლებრივი რეკომენდაციების მომზადება.
2.2.2. სახელშეკრულებო უზრუნველყოფა
კლიენტზე მორგებული სტანდარტული და ინდივიდუალური ხელშეკრულებების მომზადება, მათ შორის:
- მომსახურების ხელშეკრულებები;
- ნასყიდობის ხელშეკრულებები;
- იჯარის ხელშეკრულებები;
- პარტნიორული და კომერციული შეთანხმებები;
- სხვა ბიზნესთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები.
მომსახურება ასევე მოიცავს არსებული ხელშეკრულებების სამართლებრივ რევიზიასა და სამართლებრივი რისკების შეფასებას.
2.2.3. ხელშეკრულებების ადმინისტრირება
ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერა, მათ შორის:
- ხელშეკრულებების ციფრული მართვის მხარდაჭერა;
- ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;
- ხელმომწერი პირების უფლებამოსილების გადამოწმება;
- შიდა თანხმობებისა და ვიზირების პროცესის მხარდაჭერა;
- სახელშეკრულებო რეესტრის წარმოების მხარდაჭერა;
- ცვლილებებისა და დამატებითი შეთანხმებების დოკუმენტური უზრუნველყოფა;
- KYC პროცედურების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- საჯაროდ ან დოკუმენტურად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაფუძნებული პირველადი სამართლებრივი რისკების შეფასება.
2.2.4. შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და რევიზია;
- ბრძანებებისა და შეთანხმებების მომზადება;
- მატერიალური პასუხისმგებლობის შეთანხმებების მომზადება;
- შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსულტაცია;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამართლებრივი მხარდაჭერა;
- შესაბამისი წესებისა და პროცედურების შემუშავება.
2.2.5. კორპორაციული მომსახურება
- სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება;
- პარტნიორთა გადაწყვეტილებებისა და სხვა კორპორაციული დოკუმენტების მომზადება;
- სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების განხორციელების სამართლებრივი მხარდაჭერა.
2.2.6. საბანკო, სადაზღვევო, სალიზინგო და ფინანსური მომსახურებების სამართლებრივი მხარდაჭერა
- საბანკო ანგარიშების გახსნის პროცესის მხარდაჭერა;
- ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და რევიზია;
- საკრედიტო ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი;
- უზრუნველყოფის დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება.
2.3.მომსახურების ფარგლებში არ იგულისხმება კლიენტის სასამართლო, ადმინისტრაციულ ან სხვა საჯარო ორგანოებში წარმომადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მომსახურება პირდაპირ არის გათვალისწინებული შესაბამისი პაკეტით ან მხარეთა შორის დამატებით წერილობით არის შეთანხმებული. კომპანია უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს ანაზღაურება იმ მომსახურებისთვის, რომელიც: სცდება შესაბამისი პაკეტით გათვალისწინებულ მოცულობას; მოითხოვს დამატებით ადამიანურ რესურსს; დაკავშირებულია განსაკუთრებული სირთულის ან მოცულობის სამართლებრივ საკითხებთან; ან წარმოადგენს არასტანდარტულ პროექტს.
2.4.მომსახურება ძირითადად ხორციელდება დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები კონკრეტულ საკითხზე შეთანხმდებიან პირისპირ შეხვედრაზე.
3. მომსახურების პაკეტები
3.1.კომპანია სთავაზობს კლიენტს შემდეგ მომსახურების პაკეტებს:
| პაკეტი | ყოველთვიური საფასური | დანიშნულება |
| Basic | 500 ლარი | სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის |
| Standard | 1,500 ლარი | აქტიური და მზარდი კომპანიებისთვის |
| Premium | 3,500 ლარი | მაღალი რისკის ან რეგულირებადი სექტორის კომპანიებისთვის |
| Individual | შეთანხმებით | კომპლექსური და ინდივიდუალური საჭიროებებისთვის |
მითითებული საფასური მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.2.პაკეტების მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
Basic500 ლარი / თვე
კონსულტაციათვეში 5 საკითხზე მომართვა (ზეპირი / დისტანციური კონსულტაცია) 1
ხელშეკრულებებითვეში 1 სტანდარტული ხელშეკრულების შემუშავება + 1 საშუალო სირთულის ინდივიდუალური ხელშეკრულების მომზადება 3
ადმინისტრირებახელშეკრულებების გაფორმების პროცესის ციფრული მხარდაჭერა და ხელმოწერების პროცესის ორგანიზება
შრომითიარსებული შრომითი ხელშეკრულებების გადახედვა და სამართლებრივი რეკომენდაციების გაცემა
კორპორაციულისტანდარტული სადამფუძნებლო და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება 2
საბანკო/ფინანსურისაბანკო ანგარიშის გახსნისთვის დოკუმენტების მომზადება და წარდგენის მხარდაჭერა
Standard1,500 ლარი / თვე
კონსულტაციათვეში 10 საკითხზე მომართვა (ზეპირი / დისტანციური კონსულტაცია) + არსებული დოკუმენტების სამართლებრივი რევიზია 1
ხელშეკრულებებითვეში 2 სტანდარტული ხელშეკრულების შემუშავება + 2 საშუალო სირთულის ინდივიდუალური ხელშეკრულების მომზადება + არსებული სტანდარტული ხელშეკრულებების რევიზია და სამართლებრივი რისკების შეფასება 3
ადმინისტრირებახელშეკრულებების გაფორმების პროცესის ციფრული მხარდაჭერა და ხელმოწერების პროცესის ორგანიზება + ხელმომწერი უფლებამოსილი პირების გადამოწმება და შესაბამისი შიდა თანხმობებისა და ვიზირების პროცესის მხარდაჭერა
შრომითიკლიენტზე მორგებული შრომითი ხელშეკრულების სტანდარტული დრაფტის მომზადება + თანმხლები დოკუმენტების მომზადება + პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესებთან დაკავშირებული კონსულტაცია
კორპორაციულისტანდარტული სადამფუძნებლო და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება + სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის/ცვლილების სამართლებრივი მხარდაჭერა 2
საბანკო/ფინანსურისაბანკო ანგარიშის გახსნისთვის დოკუმენტების მომზადება და წარდგენის მხარდაჭერა + საკრედიტო ხელშეკრულების სამართლებრივი რევიზია
Premium3,500 ლარი / თვე
კონსულტაციათვეში 15 საკითხზე მომართვა (ზეპირი / დისტანციური კონსულტაცია) + არსებული დოკუმენტების რევიზია + მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური წარმომადგენლობა, წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული საზღაურის შესაბამისად) 1,5
ხელშეკრულებებითვეში 3 სტანდარტული ხელშეკრულების შემუშავება + 5 საშუალო სირთულის ინდივიდუალური ხელშეკრულების მომზადება + არსებული სტანდარტული ხელშეკრულებების რევიზია და სამართლებრივი რისკების შეფასება 3
ადმინისტრირებახელშეკრულებების გაფორმების პროცესის ციფრული მხარდაჭერა და ხელმოწერების პროცესის ორგანიზება + ხელმომწერი უფლებამოსილი პირების გადამოწმება + დოკუმენტურად ხელმისაწვდომი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადამოწმება + კლიენტის მიერ განსაზღვრული KYC პროცედურების ადმინისტრაციული მხარდაჭერა + საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაფუძნებული სამართლებრივი რისკების პირველადი შეფასება
შრომითიკლიენტზე მორგებული შრომითი ხელშეკრულების სტანდარტული დრაფტის მომზადება + თანმხლები დოკუმენტების მომზადება + პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების შემუშავება, შესაბამისი კონსულტაცია, პერიოდული ტრეინინგი და ზედამხედველობა
კორპორაციულისტანდარტული სადამფუძნებლო და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება + სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის/ცვლილების სრული სამართლებრივი მხარდაჭერა + ინდივიდუალური წესდების მომზადება 2
საბანკო/ფინანსურისაბანკო ანგარიშის გახსნისთვის დოკუმენტების მომზადება და წარდგენის მხარდაჭერა + საკრედიტო ხელშეკრულების სამართლებრივი რევიზია + უზრუნველყოფის ხელშეკრულებების სამართლებრივი რევიზია
Individualშეთანხმებით
მოცულობასრულად ინდივიდუალური სამართლებრივი ჩართულობის მოდელის დიზაინი — კლიენტის ბიზნესის სტრუქტურის, მოცულობისა და რისკების მიხედვით; პრიორიტეტული და შეუზღუდავი ჩართულობა, შეთანხმებული SLA პირობებით
მართვაკომპლექსური სამართლებრივი საკითხების მართვა; მოლაპარაკებების სრული სამართლებრივი მხარდაჭერა და წარმომადგენლობა; ბიზნეს პროცესებში ინტეგრირებული იურიდიული მხარდაჭერა
დამატებითი რესურსისაჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებული იურიდიული რესურსების ჩართვა კონკრეტული ამოცანებისთვის; სტრატეგიული სამართლებრივი კონსულტაცია მენეჯმენტისთვის; რეგულარული იურიდიული აუდიტი და რისკების შეფასება
3.3.პაკეტებს შორის განსხვავება გამოიხატება მომსახურების მოცულობაში, ინტენსივობაში, პრიორიტეტულობასა და რეაგირების სტანდარტებში. უფრო მაღალი დონის პაკეტი გულისხმობს მომსახურების უფრო ფართო მოცულობას და კლიენტის მოთხოვნებზე უფრო სწრაფ რეაგირებას.
3.4.Individual პაკეტის შემთხვევაში მომსახურების კონკრეტული მოცულობა, შემადგენლობა, ღირებულება და მომსახურების სტანდარტები განისაზღვრება მხარეთა ინდივიდუალური ხელშეკრულებით.
3.5.კლიენტის მიერ პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობის გადაჭარბების შემთხვევაში, დამატებითი მომსახურება განხორციელდება მხოლოდ წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე. 4 დამატებითი მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კომპანიის მოქმედი ტარიფების, სამუშაოს მოცულობის, სირთულისა და საჭირო რესურსის გათვალისწინებით.
3.6.პაკეტით გათვალისწინებული გამოუყენებელი მომსახურების მოცულობა არ გადადის მომდევნო საანგარიშო პერიოდზე, თუ მხარეები წერილობით სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
3.7.კლიენტს უფლება აქვს, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომსახურების პაკეტის ცვლილება.
4. მომსახურების გაწევის წესი
4.1.კლიენტის მოთხოვნები კომპანიას მიეწოდება წინასწარ შეთანხმებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ან სხვა ონლაინ კომუნიკაციის საშუალებებით.
4.2.კომპანია მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს პროფესიული გულისხმიერების პრინციპით და უზრუნველყოფს მოთხოვნების განხილვას გონივრულ ვადებში. საორიენტაციო რეაგირების ვადებია:
- Basic — პირველადი პასუხი, როგორც წესი, 2 სამუშაო დღის განმავლობაში;
- Standard — პირველადი პასუხი, როგორც წესი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში;
- Premium — პრიორიტეტული განხილვა იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს;
- Individual — SLA პირობები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით.
აღნიშნული ვადები არ ვრცელდება განსაკუთრებული სირთულის, დიდი მოცულობის ან მესამე პირებზე დამოკიდებულ საკითხებზე.
4.3.კლიენტი ვალდებულია კომპანიას დროულად მიაწოდოს მომსახურების გასაწევად საჭირო სრული და ზუსტი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. კომპანია არ აგებს პასუხს შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია კლიენტის მიერ არასრული, არაზუსტი ან დაგვიანებით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
4.4.კლიენტი პასუხისმგებელია კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე.
4.5.მოთხოვნების პრიორიტეტიზაცია ხორციელდება საკითხის მნიშვნელობის, გადაუდებლობისა და კომპანიის არსებული სამუშაო რესურსის გათვალისწინებით.
4.6. დავალებების მიღება და დამუშავება
კლიენტის მიერ კომპანიისთვის ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო კომუნიკაციის, ონლაინ პლატფორმის ან სხვა შეთანხმებული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით გაგზავნილი მოთხოვნა ჩაითვლება მომსახურების ფარგლებში მისაღებ დავალებად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დაადასტურებს აღნიშნული მოთხოვნის მიღებას ან დაიწყებს მის დამუშავებას.
კომპანია უფლებამოსილია, მოთხოვნის მიღების შემდეგ შეაფასოს მისი მოცულობა, სირთულე და შესაბამისობა კლიენტის მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტთან და, საჭიროების შემთხვევაში, აცნობოს კლიენტს, რომ აღნიშნული საკითხი სცდება შესაბამისი პაკეტის ფარგლებს და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
5. ანგარიშსწორება
5.1.ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.
5.2.მომსახურების საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, კლიენტი იხდის საურავს ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი დავალიანების 20%-ისა.
5.3.მომსახურების საფასურის გადახდის ვადის 15 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით დარღვევა წარმოადგენს კომპანიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
5.4.თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყოველთვიური მომსახურების საფასური გადაიხდება შემდგომი (postpaid) წესით — საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.
5.5.მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შეაჩეროს მომსახურების გაწევა სრულ ანგარიშსწორებამდე. მომსახურების შეჩერება არ ჩაითვლება კომპანიის მიერ ხელშეკრულების დარღვევად.
6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
6.1.ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ მხარეები წერილობით სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
6.2.ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება საკუთარი ინიციატივით, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, შეწყვეტამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე.
6.3.ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს შეწყვეტის მომენტისთვის უკვე გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.
6.4.კომპანიას უფლება აქვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ: ა) კლიენტი არღვევს მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას და დარღვევა გრძელდება 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში; ბ) კლიენტი კომპანიას აწვდის მცდარ, არასრულ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რაც არსებითად აფერხებს მომსახურების გაწევას; გ) მომსახურების გაგრძელება ეწინააღმდეგება კანონს, პროფესიულ სტანდარტებს ან ქმნის ინტერესთა კონფლიქტის რისკს; დ) კლიენტის ქმედება აზიანებს კომპანიის პროფესიულ რეპუტაციას ან საქმიან ინტერესებს.
6.5.ხელშეკრულების შეწყვეტა არ მოქმედებს იმ დებულებებზე, რომლებიც თავისი ბუნებით უნდა გაგრძელდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც, მათ შორის: კონფიდენციალურობის ვალდებულებები; პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობები; ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პირობები; ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
7. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
7.1.კომპანია ვალდებულია: ა) მომსახურება განახორციელოს კეთილსინდისიერად, პროფესიული გულისხმიერებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) დაიცვას კლიენტისგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია; გ) დროულად აცნობოს კლიენტს ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომსახურების გაწევაზე; დ) მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოს კლიენტის ინტერესების პროფესიული დაცვა.
7.2.კლიენტი ვალდებულია:
7.2.1.დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური ინდივიდუალური ხელშეკრულებითა და წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესით;
7.2.2.კომპანიას მიაწოდოს მომსახურების გასაწევად საჭირო სრული, ზუსტი და განახლებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
7.2.3.დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას ნებისმიერი ისეთი გარემოების ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მომსახურებაზე;
7.2.4.არ გამოიყენოს კომპანიის მიერ მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტები, მეთოდოლოგიები ან სხვა მასალები იმ მიზნებისთვის, რომლებიც სცდება კლიენტის შიდა საქმიანობის ფარგლებს.
7.3.კომპანიას უფლება აქვს, მომსახურების სათანადოდ გაწევის მიზნით, ჩართოს დამატებითი სპეციალისტები, მათ შორის იურისტები, კონსულტანტები ან სხვა პროფესიონალები. ასეთ შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი პირების მიერ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების შესრულებას.
7.4. ინტერესთა კონფლიქტი
კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას კონკრეტული მომსახურების გაწევაზე, თუ: ა) არსებობს ინტერესთა კონფლიქტი კლიენტსა და კომპანიის სხვა კლიენტს შორის; ბ) მომსახურების გაწევა ეწინააღმდეგება პროფესიულ, ეთიკურ ან სამართლებრივ მოთხოვნებს; გ) კონკრეტული დავალების შესრულება საფრთხეს უქმნის კომპანიის დამოუკიდებლობას ან პროფესიულ კეთილსინდისიერებას. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს კლიენტს შესაბამისი გარემოების შესახებ.
8. კონფიდენციალურობა
8.1.მხარეები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტის შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისგან მიღებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გაუმჟღავნონ იგი მესამე პირებს, გარდა: ა) კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია მომსახურების სათანადოდ გაწევისთვის და ხორციელდება შესაბამისი კონფიდენციალურობის ვალდებულების მქონე პირისთვის.
8.2.კომპანია უზრუნველყოფს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის პროფესიული საიდუმლოების დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მომსახურება ხორციელდება ადვოკატის მიერ, აღნიშნულ მომსახურებაზე დამატებით ვრცელდება ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
8.3.კონფიდენციალურ ინფორმაციად არ ჩაითვლება ინფორმაცია, რომელიც: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომია; ბ) კანონიერად იყო ცნობილი მეორე მხარისთვის მის მიღებამდე; გ) მიღებულია მესამე პირისგან კანონიერ საფუძველზე; დ) უნდა გამჟღავნდეს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.
9. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
9.1.კომპანია ამუშავებს კლიენტის, მისი წარმომადგენლების, თანამშრომლებისა და სხვა დაკავშირებული პირების პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მომსახურების გაწევის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით.
9.2.პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
9.3.კომპანია იღებს გონივრულ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალური ინფორმაციისა და მომსახურების ფარგლებში მიღებული დოკუმენტაციის დაცვის მიზნით.
9.4.კლიენტს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, მათი დაზუსტება ან სხვა კანონით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება.
10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
10.1.მხარეები პასუხისმგებელნი არიან ხელშეკრულებითა და წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მეორე მხარისთვის მიყენებულ პირდაპირ ზიანზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.2.კომპანია არ აგებს პასუხს არაპირდაპირ ზიანზე, შემთხვევით ზიანზე, დაკარგულ მოგებაზე, ბიზნეს შესაძლებლობის დაკარგვაზე, საქმიან რეპუტაციაზე მიყენებულ ზიანზე ან მესამე პირებთან ურთიერთობებიდან წარმოშობილ შედეგებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია კომპანიის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
10.3.კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია: ა) კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის არასრულობით ან უზუსტობით; ბ) კლიენტის მიერ კომპანიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობით; გ) მესამე პირების, სახელმწიფო ორგანოების ან სხვა დამოუკიდებელი სუბიექტების გადაწყვეტილებებით; დ) კანონმდებლობის ცვლილებით, რომელიც მოხდა კომპანიის კონტროლის ფარგლებს გარეთ.
10.4.კომპანიის საერთო პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა ნებისმიერი საფუძვლით წარმოშობილი მოთხოვნის შემთხვევაში არ აღემატება კლიენტის მიერ კომპანიისთვის ბოლო 3 (სამი) თვის განმავლობაში ფაქტობრივად გადახდილი მომსახურების საფასურის ოდენობას.
10.5. ინტელექტუალური საკუთრება
კომპანიის მიერ მომსახურების ფარგლებში შექმნილი ხელშეკრულებების შაბლონები, მეთოდოლოგიური მასალები, სამუშაო ფორმები, პროცესები და სხვა სამართლებრივი რესურსები წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. კლიენტს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული მასალები მხოლოდ საკუთარი შიდა საქმიანობის მიზნებისთვის. კლიენტს ეკრძალება მათი მესამე პირისთვის გადაცემა, კომერციული გამოყენება, გავრცელება ან რეპროდუცირება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
10.6.კლიენტის მიერ კომპანიის თანხმობის გარეშე შეცვლილი, ადაპტირებული ან ნაწილობრივ გამოყენებული სამართლებრივი დოკუმენტების შემდგომ გამოყენებაზე კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს.
10.7.კომპანია არ იძლევა გარანტიას კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევასთან დაკავშირებით, მათ შორის სასამართლო, ადმინისტრაციული ან მესამე პირების წინაშე მიმდინარე პროცესების შედეგებთან დაკავშირებით. კომპანიის ვალდებულება შემოიფარგლება პროფესიული გულისხმიერებით, სამართლებრივი ანალიზითა და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებით.
11. ფორს-მაჟორი
11.1.ფორს-მაჟორად ითვლება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი და გადაულახავი გარემოება, რომელიც პირდაპირ ან არსებითად აფერხებს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ფორს-მაჟორულ გარემოებებს შეიძლება მიეკუთვნოს, მათ შორის: სტიქიური უბედურება; ხანძარი; ეპიდემია ან პანდემია; საომარი მოქმედება; საგანგებო ან საომარი მდგომარეობა; სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება; მასშტაბური ტექნიკური შეფერხება; ელექტროენერგიის, ინტერნეტის ან საკომუნიკაციო სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხება; სხვა მსგავსი გარემოებები, რომლებიც მხარის კონტროლს სცდება.
11.2.ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში მხარე თავისუფლდება შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობით ან დაგვიანებით შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ აღნიშნული გარემოება პირდაპირ ზემოქმედებს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობაზე.
11.3.მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული დაბრკოლება, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს.
11.4.თუ ფორს-მაჟორული გარემოება გრძელდება 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
12. მხარეთა შორის კომუნიკაცია
12.1.მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია ხორციელდება ხელშეკრულებაში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ან სხვა შეთანხმებული ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.
12.2.ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად მისი გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს, თუ გამომგზავნს არ მიუღია შეტყობინება მიწოდების შეუძლებლობის შესახებ.
12.3.მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძველ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჯეროვნად მიწოდებულად.
12.4.კლიენტი თანხმდება, რომ მომსახურების ეფექტიანი გაწევის მიზნით კომპანიასთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების, ციფრული ასლებისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით.
13. სტანდარტული პირობების ცვლილება
13.1.კომპანიას უფლება აქვს პერიოდულად განაახლოს წინამდებარე სტანდარტული პირობები, მათ შორის: კანონმდებლობის ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით; მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ან მომსახურების მოდელის ან კომერციული პირობების ცვლილების შემთხვევაში.
13.2.განახლებული სტანდარტული პირობები ქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე, ახალი ვერსიის ნომრით და ძალაში შესვლის თარიღით. ცვლილება მოქმედი კლიენტებისთვის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის შემდეგ, თუ განახლებული პირობებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომპანია ინახავს სტანდარტული პირობების წინა ვერსიებს და მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომს ხდის კლიენტისთვის.
13.3.სტანდარტული პირობების ცვლილება არ ვრცელდება უკუძალით იმ საკითხებზე, რომლებიც უკვე მოწესრიგებულია მოქმედი ხელშეკრულებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები წერილობით სხვაგვარად შეთანხმდებიან.
13.4.თუ კლიენტი არ ეთანხმება სტანდარტული პირობების ცვლილებას, მას უფლება აქვს ცვლილების ძალაში შესვლამდე წერილობით აცნობოს კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია სრულად დაფაროს უკვე გაწეული მომსახურების ღირებულება.
13.5.თუ კლიენტი ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ აგრძელებს მომსახურებით სარგებლობას, ჩაითვლება, რომ იგი დაეთანხმა განახლებულ პირობებს.
14. პრეტენზიების განხილვისა და დავების გადაწყვეტის წესი
14.1.მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება ან დავა თავდაპირველად გადაწყდება კეთილსინდისიერი მოლაპარაკების გზით.
14.2.მხარეს, რომელსაც აქვს პრეტენზია, უფლება აქვს წერილობით წარუდგინოს იგი მეორე მხარეს. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პასუხი გასცეს მისი მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
14.3.მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14.4.მხარეები თანხმდებიან, რომ დავის განხილვა განხორციელდება საქართველოს საერთო სასამართლოებში, კომპანიის იურიდიული მისამართის მიხედვით განსაზღვრული ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად.
15. კლიენტის სახელისა და გამოცდილების გამოყენება
15.1.კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს კლიენტის დასახელება, როგორც საკუთარი გამოცდილების ან პორტფოლიოს ნაწილი, მხოლოდ კლიენტის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
15.2.კლიენტის თანხმობის შემთხვევაში, კომპანიის მიერ შესაძლებელია მითითებულ იქნეს თანამშრომლობის ფაქტი მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც არ არღვევს კონფიდენციალურობის ვალდებულებებს.
16. მომსახურების შედეგის ხასიათი
16.1.კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება წარმოადგენს პროფესიულ სამართლებრივ მხარდაჭერას, კონსულტაციასა და სამართლებრივ ანალიზს და არ გულისხმობს კონკრეტული კომერციული, ეკონომიკური, ადმინისტრაციული, სასამართლო ან სხვა შედეგის მიღწევის გარანტიას.
16.2.კომპანია მომსახურებას ახორციელებს პროფესიული გულისხმიერების, მოქმედი კანონმდებლობისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი რისკების შეფასება წარმოადგენს კლიენტის პასუხისმგებლობას.
16.3.კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც დადგა კლიენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მოქმედებების ან უმოქმედობის შედეგად, თუ აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია კომპანიის მიერ მიწოდებული სამართლებრივი ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიუხედავად.
17. დასკვნითი დებულებები
17.1.წინამდებარე სტანდარტული პირობების რომელიმე დებულების ბათილობა ან ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს სხვა დებულებების ბათილობას.
17.2.მხარის მიერ ხელშეკრულებით ან წინამდებარე პირობებით მინიჭებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ნიშნავს აღნიშნულ უფლებაზე უარის თქმას და არ ზღუდავს მისი გამოყენების შესაძლებლობას მომავალში.
17.3.კლიენტს არ აქვს უფლება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები ან ვალდებულებები.
17.4.წინამდებარე სტანდარტული პირობები წარმოადგენს კომპანიასა და კლიენტს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
17.5.სტანდარტული პირობები შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე www.gamkrelidzelegal.ge.